არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს, 17 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი 1 ივნისს შექმნილ პეტიციას საკანონმდებლო ორგანოსთან მიიტანენ და იქვე დატოვებენ.
1 ივნისს შედგენილი პეტიციის ავტორები და ხელმომწერები ითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს მისცემოდა კონსტიტუციური უფლების განოხრციელების საშუალება და ომბუდსმენის წარმომადგენლები პანსიონში შეეშვათ.
დღევანდელი აქციით პროტესტის მონაწილეები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ შემდეგ მოთხოვნებს:
- დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში. ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია)
- მოხდეს ყველა ბავშვის გამოყვანა პანსიონიდან
- დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი
ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
განჩინების საფუძველზე ამ ეტაპზე ბენეფიციართა ნაწილი პანსიონიდან გაყვანილია, თუმცა დაწესებულებაში კვლავ რჩება 23 მოზარდი.
პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს ამ დრომდე არ აძლევენ.
ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება გაერო - საერთაშორისო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რაც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას.